“ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმა არ მომხდარა, რაც გავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე”

0

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმები ბოლო 15-20 წელია არ ჩატარებულა.
როგორც მან საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შსს-ში ხორციელდება რეფორმები როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმების და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ხარისხი, მისი გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ არის ასე ფართოდ წარმოდგენილი საზოგადოება დღეს.
ჩვენ ვეცადეთ, ამ რეფორმების განხილვაში ჩაგვერთო მაქსიმალურად შესაძლებელი დაინტერესებული სოციალური, პოლიტიკური, პროფესიული ჯგუფები, რამეთუ კონსენსუსი იყოს მაქსიმალურად ფართო და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რამეთუ, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული არის საპროკურორო საქმიანობაზე, უფროს პროკურორზე. ამ ნაწილში ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელიც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რამეთუ, შეუძლებელია პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ზრდა იქ, სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ამ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ჩვენ კარგად გვესმის კრიმინალურ პოლიციაში, საუბნო, ოპერატიული და საგამოძიებო, ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით პირველი რაც გავაკეთეთ, 1200-ზე მეტი გამომძიებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათი კვალიფიკაციის დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გადასამზადებელი კურსების შემუშავება. რა თქმა უნდა, ასევე გაჩნდა საბაზისო კურსები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს გახლავთ სამსახურში მიღების წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი, ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი, რა პროცესიც უკვე დაწყებულია და შესაბამისად, დღეს ჩვენ ვხსნით დისკუსიას თქვენთან ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლავთ – საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების სინერგიის ეფექტი. ჩვენ კარგად ვხვდებით და ვაფასებთ სიტუაციას, რომ ამ საზღვრის, ამ თანამშრომლობის ეფექტური და ხარისხიანი სტრუქტურირების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარი. ჩვენი ძირითადი მიზანი – ავამაღლოთ გამოძიების ხარისხი და გავაძლიეროთ გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლი. სწორედ ასე და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, ჩვენი კრიმინალთან ბრძოლის სისტემა და საერთოდ მართლწესრიგი ამ ქვეყანაში ემყარებოდეს შეჯიბრობითობის პრინციპს და იყოს, რაც მთავარია, ეფექტური. აბსოლუტურად ღია ვართ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ, როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკა და ასევე ჩვენი მხრიდან დავსვათ ის მწვავე შეკითხვები, რომლებიც გვექნება. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს მხარდაჭერისათვის, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო მთავარ პროკურორს აქ ყოფნისთვის მის გუნდთან ერთად”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი