რა უთხრა პატრიარქს ირაკლი კობახიძემ კანაფის შესახებ კანონპროექტზე-ირაკლი კობახიძე – ამ თემაზე ვნებათაღელვა მოსალოდნელიც იყო

0

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც ექსპორტის მიზნით კანაფის წარმოებას ეხება, გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით; განვმარტოთ, რას ითვალისწინებს ეს ინიციატივა, შევაჯეროთ პოზიციები და ბუნებრივია, ამის შემდეგ მივუბრუნდებით კანონპროექტის განხილვას. ჩვენი სტილი და პოზიცია ესაა“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პროცესი არათანმიმდევრული იყო, რადგან კონსულტაციების გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კანონპროექტის საჯაროდ წარმოდგენას საზოგადოების მხრიდან ვნებათაღელვა და მწვავე პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროცესი როგორც არ უნდა დაწყებულიყო, ამას საზოგადოების მხრიდან პირველადი რეაქცია და ვნებათაღელვა ყველა შემთხვევაში მოჰყვებოდა.
აქედან გამომდინარე, პროცესში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს მოსალოდნელი იყო, იქედან გამომდინარე, რომ საქმე საკმაოდ მგრძნობიარე თემას და ისეთ მცენარეს ეხება, რომელიც განკუთვნილია როგორც სამედიცინო კუთხით მოხმარებისთვის, ასევე სხვა მიმართულებით გამოყენებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი და გნებავთ, ვნებათაღელვა აბსოლუტურად გასაგებია. ეს მოსალოდნელი იყო. მთავარია, ჩვენ ადეკვატური ვიყოთ და საზოგადოების, ასევე, ეკლესიის რეაქციაზე ადეკვატურად ვრეაგირებდეთ. ხელისუფლებამ ზუსტად ეს მიდგომა გამოავლინა“, – განაცხადა კობახიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, რა უთხრა მას პატრიარქმა პირისპირ შეხვედრის დროს, როგორია პატრიარქის პოზიცია და არის თუ არა კანონპროექტის მიმართ მისი დამოკიდებულება ცალსახად ნეგატიური, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს საშუალება ჰქონდა, პატრიარქისთვის მოკლედ განემარტა შინაარსი, რომელიც ამ ინიციატივასთან არის დაკავშირებული.
„ასევე, მქონდა საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის საშუალება არსებობდეს. ეს იყო ჩვენი თხოვნა, რაც იმას ეხებოდა, კანონპროექტთან დაკავშირებით ერთად გვემსჯელა. ჩვენი საუბრის შინაარსი ეს იყო, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი