მამა დავით ნოზაძე: ფონიჭალას რომ ვერ გააკონტროლებ, საქართველოს გააკონტროლებ?

ხალხს ჰკითხონ, არჩევნები ხომ იქნება ახლა? იქ ერთი მუხლი დაამატონ – გინდათ, თუ არა მარიხუანას ლეგალიზება? ჰკითხონ ადამიანებს. მე როგორც ვიცი, 75 % ამბობს, არ გვინდაო, – ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ეკლესია, თუ კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად გავა, სასულიერო პირი აცხადებს, რომ „ხვალინდელი დღე იზრუნებს თავის თავზე, სახარებაში ასე წერია“.
„ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო. მე მგონი არ გააკეთებენ, გულწრფელად მჯერა, რომ მიხვდებიან და უკან დაიხევენ. თუ არ დაიხევენ, ეკლესია მოიფიქრებს, მე მაგას როგორ გეტყვით. მე ერთერთი მღვდელი ვარ, ეკლესია ქრისტეს სხეულია. ქრისტე რასაც უკარნახებს თავის სხეულს, იმას ყველა ერთად გაიგებთ.
რომ ამბობენ, გავაკონტროლებთ ამასო, ფონიჭალა ხომ გაგიგიათ? აკონტროლებენ? ფონიჭალას რომ ვერ გააკონტროლებ, საქართველოს გააკონტროლებ? დაფიქრდით, ნახევარ მილიონ ადამიანს რომ ექნება საშუალება, მოწიოს. ნახევარი მილიონი პოლიციელი გვყავს? ეს პოლიციელები რომ დაუდგნენ ამ ადამიანებს, თითო-თითოს, ვინ დაუწყებს ძებნას ქურდებს და ა.შ? გვატყუებენ, საოცარი ამბავია“, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. მისივე თქმით, კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.
მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელი ქადაგებისას ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას.
ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!“- განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები