ზუგდიდის ყოფილი მერი: გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გოგია აცხადებს, რომ ის პროვოკაციის მსხვერპლია და მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა.
“ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ლაშა გოგიამ.
რაც შეეხება თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებს ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.
გოგია მზადაა საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ითანამშრომლოს.
„გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით საქმის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის. როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერებისას ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირშიც რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან იყო და იქნება იმ იდეების ერთგული მებრძოლი და პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები