მამა დავით ნოზაძე: ხელისუფლებამ უნდა დაიხიოს უკან, კონსულტაციები იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიას დაათმობინონ რამე

ხელისუფლებამ უნდა დაიხიოს უკან. კონსულტაციები იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიას დაათმობინონ რამე, – ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამა დავითი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმდაც კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.
„კარგია თუ კონსულტაციები გაიმართება, მაგრამ შედეგი იცით რა უნდა იყოს? ხელისუფლებამ უნდა დაიხიოს უკან . კონსულტაციები იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიას დაათმობინონ რამე. ვერ დათმობს, არ აქვს ეს ბუნება. განა იმიტომ, რომ ჯიუტია, ცოდვას ვერ ეგუება ეკლესია. უნდა მიხვდნენ თავიანთ შეცდომას, საქართველოში სხვა რამე განავითარონ, მარიხუანას გარდა ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს?“- განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.
მამა დავითი პატრიარქის გუშინდელ ქადაგებასაც გამოეხმაურა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ეკლესია ცოდვას ვერასდროს შეეგუება.
„ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს: კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და საუბრობს, რომ თითქოს, ინფორმაციაა მეტი საჭირო და მიხვდება ხალხი, მიხვდება ეკელსიაო, ასე არ არის. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ ყველაფერზე. რომ მოვიდნენ, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, განა იმაზე, რომ მერე გააკონტროლონ , რომ სადმე რამე არ წავიდეს არასწორად, რომ საერთოდ არ უნდა დაუშვან ეს – ეს იგულისხმება. ცოტა ქვემოთ თუ ჩავყვებით პატრიარქის ქადაგებას, იქ წერია – რად გვინდა ასეთი ეკონომიკა, თუ დავკარგეთ მომავალი თაობა. ეს უნდა დაგეჭირათ წესით. რომ ნარკოტიკი არის უბედურება, ეს უნდა დაგენახათ. ეკლესია ყოველთვის არამარტო ხელისუფლებას, არამედ ყველა ადამიანს ელაპარაკება თბილად, რომ მიხვდეს, გაიგოს, პირადი სიბრაზის გამო სიბოროტე რომ არ გააკეთოს. თქვენც უნდა ხვდებოდეთ, რატომ ამბობს ეკლესია ასე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ხომ დაუშვა მარიხუანას პირადი მოხმარება თვითგანვითარების მიზნით, ეკლესიის თხოვნა არის ხელისუფლებასთან, პარლამენტარებთან, რომ იქ იყოს დამატება, რომ თვითგანვითარებაში არ იგულისხმობოდეს ნარკოტიკი და ასეთი რაღაცები, რაც მავნეა. მეორე, ეკლესია საერთოდ არ განიხილავს იმასაც , რომ ნებადართული იყოს მარიხუანას მოყვანა, თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით და ბოლოს, ახლა რომ არის საუბარი რეგულაციებზე, ეს უნდა იყოს დროებითი აქტი, სანამ ეს ვაკუუმი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა კანონმდებლობაში, ამოივსება.
პასუხისმგებლობაში ზუსტად ის უნდა იგულისხმოს ხელისუფალმა , ჩემი აზრით, რომ არ უნდა მიიღო ისეთი კანონი, რომელიც დაპირისპირებაში მოვა უზენაესთან, ღმეთთან“- განაცხადა მამა დავითმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. მისივე თქმით, კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.
მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელი ქადაგებისას ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას.
ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!“- განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები