პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მიულოცა

0

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 51-ე სკოლის შემდეგ, ახალი სასწავლო წელი გლდანში მე-200 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც მიულოცა, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები სწავლობენ.
საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო სკოლისა და პანსიონის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ბავშვებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა.
როგორც სკოლის დირექტორმა მარინა უჯმაჯურიძემ განაცხადა, სწორედ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა ის, რომ ამ სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ასევე პანსიონი და განხორციელდა ეს მეგა-პროექტი.
“გიორგი მარგველაშვილი ჩვენი საპატიო სტუმარია, თუმცა ჩვენთან დღეს პირველად არ მოსულა. როცა ის იყო განათლების მინისტრი ამ ბავშვების ნახვის შემდეგ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოეწყო სრული რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართი ამ ბავშვებისთვის და ძალიან დიდი მეგა პროექტი განხორციელდა: პანსიონის შენობა და კვების ბლოკი მთლიანად გარემონტდა თავის სველი წერტილებით და ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს მოწყობა მოხდა. ამიტომ დღეს ძალიან გაგვიხარდა, რომ მოვიდა პრეზიდენტი ჩვენთან. ფაქტიურად გამოგვივიდა, რომ მას ანგარიშიც ჩავაბარეთ მისი გაწეული შრომის შედეგად ჩვენ რა დავახვედრეთ ამ ბავშვებს ამ ახალ სასწავლო წელს და წინა წლებშიც, როცა ეს შენობა გარემონტდა.
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ბავშვებისთვის ნებისმიერი ადამიანის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როცა სკოლას საქართველოს პირველი პირი სტუმრობს მეტად სასიხარულოა და აქ მშობლებმაც მიიღეს დღეს მონაწილეობა და მშობლებმაც გაითავისეს ის დიდი სიხარული, რაც დღეს ჩვენ ბავშვებს ვაჩვენეთ”, – აღნიშნა მარინა უჯმაჯურიძემ.
პრეზიდენტმა მე-200 სკოლა ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი