გორში, ბრალდებულმა, რომელიც მეზობელზე გაბრაზდა, შურისძიების მიზნით, მისი დედა მოკლა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად ე.კ. 2018 წლის 1 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები