“ჩვენი ბიზნესი გადაარჩინა” – იტალიელმა ფერმერებმა კანაფის წყალობით დანაკარგები მოგებად აქციეს

არაფარმაცევტული მიზნებით კანაფის მოყვანას სასოფლო-სამეურნეო მიწების გაუწყლოების შეჩერება შეუძლია. სალვო სკუდერი და მისი მეურნეობა კატენანუოვაში, სიცილია. 0.2%-ზე ნაკლები THC-ს შემცველობის კანაფის მოყვანა 2016 წლიდან კანონიერია.

იტალიელი ფერმერები კრიზისში არიან. ისინი ხორბლის დაბალი ფასების, გაუწყლოებული მიწისა და მარცვლეულის იმპორტიორი დიდი კომპანიების გამო დაზარალდნენ. მაგრამ ზოგმა ფერმერმა გამოსავალი მონახა: მათ კანაფის მოყვანა დაიწყეს.

კანაფის მოყვანა იტალიაში 2016 წლიდან ლეგალური გახდა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. თუ 2013 წელს ამ მცენარის მოსაყვანად განკუთვნილი მიწის ფართობი 400 ჰექტარი (1000 აკრი) იყო, დღეს 4000 ჰექტარია.

კანონი, რომელიც არაფარმაცევტული მიზნებით 0.2%-ზე ნაკლები ფსიქოაქტიური შენაერთის, THC-ს შემცველობის კანაფის მოყვანის ნებას იძლევა, იმ მიზნით იქნა მიღებული, რომ კანაფის სამრეწველო წარმოება გაზრდილიყო. იტალიელებმა ეს საკანონმდებლო ცვლილება იმისთვის გამოიყენეს, რომ არა მხოლოდ კანაფის ყველი რიკოტა და ეკოლოგიურად უსაფრთხო აგურები ეწარმოებინათ, არამედ კანაფის მაკარონი და ნამცხვრებიც.

“კანაფის წარმოების სწრაფი ზრდა იმის კარგი მაგალითია, სასოფლო-სამეურნეო ფირმებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა როგორ შეუძლიათ, – ამბობს იტალიის ფერმერების უდიდესი გაერთიანების, კოლდირეტის პრეზიდენტი რობერტო მონკალვო. – ეკონომიკისა და დასაქმების ზრდისთვის კარგი შესაძლებლობები სწორედ ახლა გვიჩნდება”.

თუ რა ზეგავლენა იქონია კრიზისის დაძლევის ამ გზამ იტალიელ ფერმერებზე, სიცილიის უნაყოფო შუაგულში მდებარე პატარა ოაზისში ჩანს. თიხიან მინდვრებზე ხორბლის მიტოვებულ ზვინებს შორის ჭიშკარზე შვიდქიმიანი ფოთლის გამოსახულებიანი აბრა ჰკიდია.

ამ ჭიშკარს მიღმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ კოლი ერეის პრეზიდენტი სალვო სკუდერი ცხოვრობს. 41 წლის ფერმერმა კანაფის მოსავლის ნაწილი, რომელიც მაკარონის, ზეთისა და ფქვილის საწარმოებლად იქნება გამოყენებული, სულ ახლახან მოიწია. წელს სკუდერიმ და ოცმა სხვა მეწარმემ, რომლებიც ასოციაცია რეტე კანაპა სიჩილიაში არიან გაერთიანებული, ერთობლივად თითქმის 150 ტონა მოიწიეს. ასოციაციის მიზანი რეგიონში კანაფის პროპაგანდა და მარკეტინგია.

სალვო სკუდერის კანაფის მოსავალი მაკარონის, ზეთისა და ფქვილის დასამზადებლად იქნება გამოყენებული. ფოტო: Alamy Stock Photo

კანაფმა ბიზნესი გადაგვირჩინა, – თქვა მან. – წელს ჩვენი შემოსავალი იმაზე ათჯერ მეტი იყო, რაც ხორბლისაგან შემოგვდიოდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ოთხი მუშა დაგვექირავებინა”.

რეტე კანაპა სიჩილიას მონაცემებით, ბაზარზე დღეს ხორბალს ჰექტარზე 250 ევროს (220 ფუნტ სტერლინგის) შემოსავალი მოაქვს, ხოლო კანაფის სუფთა შემოსავალი ჰექტარზე დამატებით 2500 ევროა, ამიტომ იმ მიზნით, რომ მშრალი მიწისათვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობაც გაეუმჯობესებინა, ბევრმა სიცილიელმა ფერმერმა ხორბალი კანაფით ჩაანაცვლა.

კატენანუოვას მიმდებარე ტერიტორიებზე ზაფხულში ტემპერატურა შეიძლება 40 გრადუსს აღწევდეს. იტალიის ავტომანქანების მწარმოებელმა კომპანია ფიატმა მაღალი ტემპერატურის პირობებში თავისი მანქანების გამოცდა სწორედ აქ ჩაატარა. მწველი მზის ქვეშ მატარებლებიც კი ჩერდება, რადგან რელსები ფართოვდება, თუმცა მიწის გაუწყლოებას მხოლოდ სიცხე როდი იწვევს.

სოფლის მეურნეობის ექსპერტების თქმით, იტალიის ზოგიერთ რეგიონში მონოკულტურის სახით ხორბლის მოყვანა ნიადაგის ეროზიას იწვევს. არსებობს საშიშროება, რომ მიწები უნაყოფო გახდება. ფოტო: ბლუმბერგი და Getty Images

“წლების განმავლობაში მონოკულტურის სახით ხორბლის მოყვანა პრობლემებს ქმნის, – ამბობს პალერმოს უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა პროფესორი დარიო ჯამბალვო. – ამან ნიადაგის ეროზია გამოიწვია და ეს მიწა შეიძლება მალე უნაყოფოც გახდეს.”

იტალიის სასოფლო-სამეურნეო კვლევისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ანალიზის საბჭოს მონაცემებით, თავთუხიანი ხორბლის ნათესები სამხრეთ იტალიაში გასულ წელს 7.4%-ით შემცირდა, ხოლო ჩრდილოეთში 9%-ზე მეტით. ხორბლის მთლიანი წარმოება გასულ წელს 4%-ზე მეტით შემცირდა.

სწორედ ამიტომ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კანაფის კულტივაცია შეიძლება გამოსავალი იყოს.

“კანაფის მოყვანა დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის განვითარების კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მიტოვებული და არცთუ ნაყოფიერი მიწების გაცოცხლების კარგი საშუალება აღმოჩნდეს, – ამბობს ჯამბალვო. – ძველმა რომაელებმა გვასწავლეს, რომ ნათესების დივერსიფიკაციამ შეიძლება მიწა უფრო ნაყოფიერი გახადოს. არ ვიცი, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდას ეს ხელს რამდენად შეუწყობს, მაგრამ იტალიისათვის ეს ნამდვილად ფესვებთან დაბრუნება იქნება.”

XX საუკუნის 40-იან წლებამდე კანაფის წარმოებით იტალია მსოფლიოში საბჭოთა კავშირის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. იმ დროს იტალიაში კანაფი 100 ათას ჰექტარზე მოჰყავდათ. ომისა და სინთეზურ ბოჭკოებზე გადასვლის შემდეგ, კანაფის წარმოება მკვეთრად დაეცა. შემცირების ტენდენცია ნარკოტიკების არალეგალური მოხმარების საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გამო გაგრძელდა. 1961 წელს იტალიის მთავრობამ ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ერთიან კონვენციას მოაწერა ხელი.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები