“მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს”

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ სამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კუთხით, მან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” როლი აღნიშნა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი – „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა”. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტებს დაფუძნებული სერვისების მიწოდების დანერგვა, რაც არის სათემო მომსახურება. საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX თუ შუა საუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები გამოკეტილი იყვნენ სტაციონარებში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს.
„ეს არის ძირითადი აქცენტი, ძირითადი არსი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ. ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს და ეს არის იმის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი რამდენად განვითარებულია ქვეყანა და რამდენად ხდება იქ ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალს გარეთ ისეთი სათემო სერვისების განვითარება უნდა მოხდეს, როგორიც არის რეზიდენტული და დაცული საცხოვრისები. შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებსა და დარგის ექსპერტებთან ერთად, ასევე იმსჯელეს სამომავლოდ ფსიქიკური ჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზციის რეფორმის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ინტერვენციებზე, სათემო სერვისების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე 2019 წელს განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებზე.
აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა მჭიდროდ დაუკავშირდეს დღევანდელ რეალობას, ამასთანავე როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები