ანი მიროტაძე: ხელისუფლებას სურს, ზუსტად ისე მოქმედებდეს მედია, როგორც მის პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდება

0

ინტერესი იკვეთება იმის, რომ ხელისუფლებას უნდა, გააკონტროლოს მედია, სადაც გასდის ამას აკეთებს, სადაც ვერ გასდის, სხვადასხვა შემოვლითი გზით ახორციელებს, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” წევრმა, ანი მიროტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანი მიროტაძე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„იბერიას“ შემთხვევა განსხვავებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევისგან, თუმცა, ორივე შემთხვევაში იკვეთება ის, რომ ხელისუფლებას უნდა, ზუსტად ისე მოქმედებდეს მედია, როგორც მის პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდება. ეს ასე არ გამოვა. არ გამოსულა არასდროს. არცერთი დემოკრატიული საზოგადოება არ ცნობს ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებს.
„იბერიას“ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც, შესაძლოა, უკანონოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან.
„იბერიას“ შემთხვევა ცოტა განსხვავებულია, მესმის, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული მოსაზრებები, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს დავალიანება, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ამაზე, არ უნდა დაიწყონ მხოლოდ „ომეგა ჯგუფით“, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ბევრად მეტი დავალიანება აქვთ სახელმწიფოსი. ასე რომ, მე ცალსახად ვაცხადებ, ყველამ უნდა გადაიხადოს დავალიანება, მათ შორის „ომეგა“ ვალდებულია, გადაიხადოს. ხელისუფლება კი ვალდებულია, მას ხელი შეუწყოს ამ ვალის დაფარვაში. აქ ბევრი რამ იგულისხმება, გარკვეული რესტრუქტურიზაცია, გარკვეული გრაფიკის გაკეთება და ა.შ. რომელიც აპრობირებული პრაქტიკაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იქნება კითხვები, რომ ეს არის ხელისუფლების გარკვეული მცდელობა, ფინანასური წყაროს გადაკეტვით ხელი შეუშალოს „იბერიას“ არსებობს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
მიროტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გუნდს სურს, ტელევიზიაში არსებული რეალობა შეცვალოს.
„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს მიდგომა არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური. შესაძლოა, ჟურნალისტი, ოპერატორი და ა. შ, მთელი კვირის განმავლობაში იყოს გასული და ერთი დღითაც არ შევიდეს ტელეკომპანიაში, მაგრამ მას ჰქოდეს ძალიან ბევრი საქმე გარეთ, ჟურნალისტები ძირითადად მუშაობენ ინფორმაციის მოგროვებაზე.
იმიტომ, რომ საათობრივი ანაზღაურება და ე.წ. „ტურნიკებში“ იმის დაფიქსირება, ვინ რამდენი საათი მივიდა სამსახურში, არის აბსოლუტურად გაუგებარი. მაღლაფერიძის გუნდს მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, მინიმუმ რომელი ქვეყნის პრაქტიკა გაითვალისწინა, როცა ასეთი ინიციატივა შესთავაზა თანამშრომლებს.
მაღლაფერიძის გუნდს უნდა, შეცვალოს იქ არსებული რეალობა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უნდათ მათთვის მიუღებელი პერსონების საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაშვება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა. მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება 12 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ უკვე გამოვითხოვეთ შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსგან მედიატორის ჩართვა, რაც პროცესების დარეგულირებაში სახელმწიფოს ჩართვას გულისხმობს. ამ წუთას თანამშრომლების დათხოვნის პროცესი შეჩერებულია. თანამშრომელთა დათხოვნა მედიაციის პროცესის დასრულებამდეა შეჩერებული,” – აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თანამშრომელთა ნაწილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მენეჯმენტმა მათ ახალი კონტრაქტი წარუდგინა. კონტრაქტის თანახმად, 70-მდე თანამშრომელი “საათობრივი დასაქმების რეჟიმზე” გადადიოდა. იმის გამო, რომ ეს კონტრაქტები მათ არ აძლევდა სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კონტრაქტის პირობებით, ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, მაუწყებელი მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებდა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, კომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი