ანი მიროტაძე: თუ ხელისუფლებას არ უნდა, ნარკობიზნესის ხელშეწყობაში იყოს ეჭვმიტანილი, კითხვის ნიშნები არ უნდა დატოვოს

თუ ხელისუფლებას არ უნდა, ნარკობიზნესის ხელშეწყობაში იყოს ეჭვმიტანილი, არ უნდა დატოვოს არცერთი კითხვის ნიშანი, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” წევრმა, ანი მიროტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიროტაძე მარიხუანას კულტივირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე საფრთხის შემცველ საკითხს ეხება. მისივე თქმით, არსებობს ისეთი რისკები, როგორიცაა მარიხუანას შავ ბაზარზე გავრცელება, ნარკოტრასების გაჩენა.
„ეს ძალიან სენსიტიური თემაა. მე მესმის საზოგადოების, რომელსაც აქვს ბევრი კითხვა და ჯერ არ არსებობს პასუხი. მაგალითად ის, თუ როგორი იქნება ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ეს პროცესი უნდა მოექცეს. რამდენად ვიქნებით დაცული იმ საფრთხეებისგან, რომელიც მარიხუანას კულტივაციას შეიძლება უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორის, შსს-ს, განმარტებით, იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ მისი გავრცელება უკანონოდ არ მოხდეს , იქ არის ძალიან ბევრი ბუნდოვანება, რომელზეც საჭიროა პასუხის გაცემა. არის მოტივაცია, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფინანსური სარგებლის მომტანი ქვეყნისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელმაც, შეიძლება, გადაფაროს ეს ამბავი“, – განაცხადა მიროტაძემ.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნული საკითხით საქართველოში ,თითქმის, ყველა ოჯახია დაინტერესებული, ეს უნდა იყოს საყოველთაო განხილვის საგანი და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ უნდა მიიღონ.
„ასე რომ, ვისურვებდი, სანამ ლეგალიზაციასა და კულტივაციაზე იქნებოდა საუბარი, გვემსჯელა იმაზე, როგორ ვიქნებით მაქსიმალურად დაცული იმ საფრთხეებისგან , რომელიც მის კულტივაციას, შეიძლება ახლდეს. მესმის, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ მარიხუანას, ისიც მესმის, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ცოტა სხვაგვარად არის დაცული როგორც უსაფრთხოება, ასევე კანონის უზენაესობა. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი არის და არც მეორე, შესაბამისად რისკები, საფრთხეები ძალიან მაღალია. საფრთხის შემცველ საკითხთან გვაქვს საქმე.
იქიდან გამომდინარე რომ ამ საკითხით დაინტერესებულია თითქმის ყველა ოჯახი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მაღალი ინტერესის სფერო, ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საყოველთაო განხილვის საგანი და ისე უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
ლიცენზირების საკითხი, ჩემთვის არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან ბევრ ეჭვსა და კითხვის ნიშანს მიჩენს. შესაძლოა, ვინმეს უნდოდეს ამ ე.წ. მსხვილი ბიზნესის ხელში ჩაგდება და მყავს სავარაუდო ეჭვმიტანილებიც. თუ ხელისუფლებას არ უნდა, ის იყოს ეჭვმიტანილი ნარკობიზნესის ხელშეწყობაში, მაშინ მან არ უნდა დატოვოს არცერთი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები