რომან კაკულია: სახელმწიფო შესყიდვები მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს წარმოადგენს და ამ თემის მნიშვნელობა ამ რიცხვიდანაც ჩანს

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” განახლებული კანონმდებლობის შემუშავებისა და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინების შესახებ, დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კანონმდებლობით სახელმწიფომ უპასუხოს ისეთ გამოწვევებს, როგორიც კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სტრატეგიის შემუშავებაა.
“ვმსჯელობთ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო მომავალში უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ავტორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განვიხილავთ სახელმწიფო შესყიდვების საკითხს.
სახელმწიფო შესყიდვები მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს წარმოადგენს და ამ თემის მნიშვნელობა ამ რიცხვიდანაც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კანონმდებლობით ვუპასუხოთ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სტრატეგიის შემუშავება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად შესყიდვების პროცესი იყოს თანხვედრაში ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მნიშვნელოვანია, სისტემა ანტიკორუფციული თვალსაზრისით იყოს გამჭვირვალე, რადგან საზოგადოებას ყოველთვის აქვს შეკითხვები კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად იყოს დაცული სისტემა ამ რისკებისგან.
ასევე, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის განვითარებაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია და ვფიქრობ, კანონმდებლობაში ეს მიმართულება აუცილებლად უნდა აისახოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს და ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ”,-განაცხადა რომან კაკულიამ.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას კანონმდებლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები ხვალ გააგრძელებენ.
შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები