ბექა დავითულიანი კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თბილისის მთავრობის სხდომაზე მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დავითულიანის თქმით, მართალია, თბილისში მიმდინარე მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას, თუმცა სრულფასოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.
დედაქალაქში უპრეცენდენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალარინების სისტემა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება დაიწყო დაუყოვენებლივ, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებით 30 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. ეს პროექტები, მასშტაბის გათვალისწინებით რეკორდულ ვადებში ხორციელდება, რადგან მომავალში ამ მიმართულებით თბილისის მერიას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს.
დავითულიანი ასევე პარკირების სისტემის საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით: სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი პარკირების სისტემის დარეგულირებაა.
ამისთვის, 2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს“.
აღსანიშნავია, რომ სისტემის სრულფასოვნად მოწესრიგებისთვის აუცილებელია ისეთი თვითნებობის კონტროლი, როგორიცაა, მაგალითად, ქალაქის საპარგინგე სივრცეების უკანონო დაკავება-დაჯავშნა, აგრეთვე ამ ადგილების სარეკლამო და ეკონომიკური მიზნით გამოყენება.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს ყველა ის საკითხი, რაც თვითდინებაზე იყო მიშვებული და აფერხებდა ქალაქში გადაადგილებას.
მისივე განმარტებით, ტაქსების ლიცენზირება და მათთვის ქალაქის ეკონომიკურად მომგებიან ლოკაციებზე სპეციალური ადგილების გამოყოფა, ამ საერთო სისტემის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება, რაც ქალაქს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სასიკეთოდ წაადგება.
საბოლოო ჯამში კი ზემოაღნიშნული ყველა საკითხი დღეისათვის შექმნილ, დროებით დისკომფორტს მოხსნის, ხელს შეუწყობს საცობებისგან განტვირთვას და ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.
ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა თბილისში განიტვირთოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქი გათავისუფლდეს საცობებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები