გიგა ბუკია: საქართველოში ნარკოტიკების პლანტაციების გაშენებას მხარს არ დავუჭერთ

ფრაქცია „კონსერვატორები” საქართველოში კანაფის პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტზე გატანას მხარს არ დაუჭერს.
ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა ბუკიას თქმით, ფრაქცია მარიხუანას მოხმარებაზე კანონის გამკაცრებას მხარს დაუჭერეს, თუმცა „კონსერვატორები” ლიბერალური მიდგომების მომხრე არ იქნებიან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ვაკუუმი დატოვა და ადამიანები ნებისმიერ ადგილას მარიხუანას მოიხმარენ, ამ ფონზე კი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ადეკვატურია და განწყობას ვეთანხმები, რომ ადამიანს უფლება არ უნდა ჰქონდეს, ნარკოტიკი მოიხმაროს. მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომელთაც პასუხისმგებლობა აქვთ სხვის სიცოცხლეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სერიებმა ამ რეალობამდე მიგვიყვანა. რაც შეეხება კანაფის პროდუქტების წარმოებას, მხარს არ დავუჭერთ იმას, რომ საქართველოში ნარკოტიკების პლანტაციები იყოს გაშენებული. სამწუხაროდ, ეს რეალობა დადგა და ამას არ ვეთანხმებით. საქართველოში ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა ბუკიამ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები