ანა დოლიძე: შეშფოთებული ვარ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება

არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ კანაფის შესაძლო კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის თაობაზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება.
„ამ პოზიციის გახმოვანება მინდა, როგორც მშობელს: ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო. შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება. ეს ჯერ რუსეთის იმპერიის დროს გააკეთეს და არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს. მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დღეს უნდა გავაგრძელოთ. ორგანოებით ვაჭრობაც ძალიან მომგებიანია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამით, როგორც ექსპორტიორი, სახელმწიფო უნდა დავკავდეთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება, რომელიც მიწაზე და ვაზზეა მიბმული და არ შეიძლება, დღეს ისეთი კულტურის წარმოებაზე მივაბათ, როგორიც კანაფია. ამას ხელი უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები