შს მინისტრი: კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

„მარიხუანის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში არ იქნება დასჯადი.
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის მარიხუანას მოხმარება იქნება დასჯადი, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე, 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ნარკოპოლიტიკის კონტექსტში, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირება აუცილებელი გახდა.
„მთავრობის დავალებით, ამ ნაწილში გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტიანი რეგულაციის საშუალებას, რაც გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირდეს”, – განაცხადა შს მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე დღეს მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები