“მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან პოპულარიზაცია მოახდინონ 21 წლამდე პირებში”

დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, ამ კანონპროექტის დროული განხილვა მნიშვნელოვანია.
„მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავდექით ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე – მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, მე დავავალე შს სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაცულნი შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
მისივე თქმით, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის.
„ასევე, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო, ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი”, -განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები