არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი და მტკიცეა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო კვლავ მსოფლიოსა და დასავლეთის ყურადღების ცენტრშია.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება საშუალებას იძლევა კიდევ ერთხელ წამოწიოს წინა პლანზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანმა თემებმა და საკითხებმა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე სწრაფად იზრდება. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ ძალიან გვჭირდება დასავლეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა, რომ რეფორმები გავაგრძელოთ და ამ მოცემულობაში, ჩვენი შესაძლებლობების ყველაზე კარგი რეალიზაცია მივიღოთ. საქართველო კვლავ მსოფლიოსა და დასავლეთის ყურადღების ცენტრშია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები, რომლებიც განიხილება და შეჯერდება.
„ოპოზიციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიციებიც დააფიქსიროს. ჩვენ თანამშრომლობისთვის გახსნილი ვართ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი და მტკიცეა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიის და პროგრესის საყრდენ წერტილად დარჩეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.