დავით ზალკალიანი ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით – თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. მინისტრმა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიაა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. ლინას ლინკევიჩიუსი დაინტერესდა მთავრობის ინიციატივის – ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის – შემუშავების მიმდინარეობით და ქართულ მხარეს ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარების გამოყენება შესთავაზა.
განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა შეზღუდვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაში მყოფი პირებისთვის.
დავით ზალკალიანმა ასევე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10-წლისთავს უკავშირდებოდა. მინისტრებმა, ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლინკევიჩიუსი მონაწილეობს 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018″.
მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, ხოლო დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი სამუშაო შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები