მამუკა ბახტაძე: მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევიან თავისი მასპინძლობით, რისი ნათელი დასტურიც იყო დღევანდელი დღე. წელს ორმა ერმა აღნიშნა უმნიშვნელოვანესი თარიღი თანამედროვე ისტორიაში -დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლისთავი. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინეს განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება. რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს, სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი მილოცვა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება. მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარია. დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც განიხილავს მნიშვნელოვან იდეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვავითაროთ. ამასთანავე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ამავე დროს მივესალმეთ,სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მასპინძლობისთვის და თბილი მიღებისთვის, ასევე გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები