საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლჰოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ თემას საქართველო-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმოხილვასთან ერთად, სექტემბრის ბოლოს, თბილისში გასამართი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრა წარმოადგენდა.
„უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრაზე და ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და რეგულარულ თანამშრომლობას დააფუძნებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით და აღინიშნა, რომ ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დონეზე მიმდინარე თანამშრომლობის პარალელურად აქტიურად ვითარდებოდეს და ღრმავდებოდეს თანამშრომლობა აპარატებს შორისაც. შეხვედრაზე უკრაინის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა და მზაობა გამოთქვა პროცესების ხელშესაწყობად აქტიურად ჩაერთოს და ხელი შეუწყოს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა უკრაინელ დიპლომატს საქართველოში ზამთრის და ზაფხულის საპარლამენტო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც რეგიონის ექვსი ქვეყნის პარლამენტის თანამშრომლების ერთობლივი სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები და ბუნდესტაგის მოქმედი თანამშრომლები საპარლამენტო აკადემიის მონაწილეებს თემატურ ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი პროექტები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პარლამენტის თანამშრომლებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას განაპირობებს. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას, მხარეები ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაციის ღონისძიებასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ის აქტივობები, რომლებიც პარლამენტის აპარატების დონეზე ხორციელდება, აღნიშნული თანამშრომლობის პირდაპირი გამოხმაურებაა.
შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ იგორ დოლჰოვს უკრაინის დამოუკიდებლობის 27-ე იუბილე და საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი მიულოცა.