თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი მირზა ჩიჩუას ოჯახის ფინანსური დახმარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, მირზა ჩიჩუას ოჯახის კომპენსაციას ეხება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვლილის ოჯახს, კერძოდ მირზა ჩიჩუას მეუღლეს, სამინისტრო ფინანსურად დაეხმარა და 8750 ლარი გადაურიცხა.
„კვირა“ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„თავდაცვის სამინისტრო, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხე“-ში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანი), თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 12 ივლისს, გაეწია ფინანსური დახმარება, 8 750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით, გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა, დადგენილი წესების თანახმად, არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას. თავდაცვის მინისტრმა, მირზა ჩიჩუას გარდაცვალებიდან ჯერ კიდევ მესამე დღეს, ისარგებლა უფლებამოსილებით და პირადი ინდივიდუალური აქტით, გარდაცვლილის მეუღლეს გაეწია ფინანსური დახმარება.
თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მხოლოდ 2016 წელს, მინისტრის ინდივიდუალური აქტით, დახმარება გაეწია 386 სამხედრო მოსამსახურეს, 732 ათას 482 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს, 515 სამხედრო მოსამსახურეს, 732 ათას 645 ლარის ოდენობით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ 2016 წელს დახმარება გაეწია 241 სამხედრო მოსამსახურეს, 1 მილიონ 477 ათას 175 ლარის მოცულობით, ხოლო 2017 წელს, ამავე კომისიის მიერ 236 სამხედრო მოსამსახურეს, 972 ათას 647 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები