სამეფო ოჯახს ხარჯების შემცირებას სთხოვენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში სამეფო ოჯახის ხარჯების შემცირებას ითხოვენ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუკინგემის სასახლისთვის გამოყოფილი თანხები სამჯერ უნდა შემცირდეს. კომიტეტის თავმჯდომარის მარგარეტ ჰოჯის თქმით, სამეფო კარის ყოველწლიური დაფინანსება ბიუჯეტიდან 31 მილიონ გირვაქნა სტერლინგს აღწევს, რაც ეკონომიის საშუალებას იძლევა.
ამის მიუხედავად, მისი თქმით, სამეფო ოჯახმა გასულ წელს გამოყოფილ თანხაზე 2 მილიონ გირვანქა სტერლინგით მეტი დახარჯა, რაც მოგვიანებით სარეზერვო ფონდის თანხებით დაფარეს. ჰოჯის განცხადებით, ბუკინგემის სასახლის კომუნალური ხარჯების დაფარვა თავისუფლად შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სასახლეს დამთვალიერებლებისთვის უფრო ხშირად გახსნიან. საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ასევე გააკრიტიკეს მთავრობა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი სამეფო ოჯახის ხარჯების სათანადო მონიტორინგს არ ახორციელებს, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბუკინგემის სასახლის ხარჯები უფრო გამჭვირვალე გახდა.