მამუკა ბახტაძე: ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის საერთო, ქართული წარმატება

„ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე არის საერთო წარმატება, ქართველი ერის წარმატება და იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ჩვენს საგარეო კურსს, კეთილი ინებონ და ობიექტური კომენტარები გააკეთონ ამ თემაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის მიერ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ობიექტურობის ეჭვქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტში ასახული შეფასებები საამაყოა თითოეული ქართველისთვის, მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და ყველა მოქალაქისთვის, ვისაც საქართველო ევროპულ ოჯახში წარმოუდგენია.
„ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ძალიან პოზიტიური იმპულსის მიმცემი ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის ის. როდესაც ასეთი საკითხები დაიყვანება ვიწროპარტიულ ინტერესებსა და მსჯელობებზე, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რა თქმა უნდა, ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი. ამ არჩევანის გზაზე ჩვენ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს ვდგამთ და ამ ნაბიჯებში წარმატებულნი ვართ. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ჩვენს საგარეო კურსს, კეთილი ინებონ და ობიექტური კომენტარები გააკეთონ ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებაზე. ეს არის საერთო წარმატება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართველი ერის და არა მხოლოდ ჩვენი პარტიული წარმატება. იმავეს მოვითხოვთ პოლიტიკურ ველზე მყოფი სხვა ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, ეს ისეთი საკითხია, არ უნდა იყოს დაყვანილი ვიწროპარტიულ მსჯელობაზე. ამის გაკეთება არასერიოზულია და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას ძალიან კარგად აფასებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები