ბაბუშერაში დაღუპული 13 ადამიანის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს

ტრაგედიიდან 21 წლის შემდეგ – ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 13 ადამიანის ცხედარი დღეს თბილისში ჩამოასვენეს. როგორც დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის მასალები უახლოეს მომავალში გადაეგზავნება ზაგრების ექსპერტიზის ბიუროს, ხოლო ოჯახის წევრების დეენემის ანალიზს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ჩაატარებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს განხორციელდა 1993 წლის 22 სექტემბერს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენება. 13 გმირი მეომრის ცხედარი დედაქალაქშია დასვენებული. ამ ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის მასალები უახლოეს მომავალში გადაეგზავნება ზაგრების ექსპერტიზის ბიუროს, ხოლო ოჯახის წევრების დეენემის ანალიზს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ჩაატარებს. მონაცემების დადარების შედეგად მოხდება ცხედრების იდენტიფიცირება და შემდეგ ისინი ოჯახებს გადაეცემა. ეს რამდენიმე თვეში განხორციელდება. პროცესის აკონტროლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აფხაზეთის ომის ისტორია და ეს კონკრეტული ტრაგედია ჩვენი საზოგადოების მოუშუშებელი ჭრილობაა და დღევანდელი დღე გარკვეულწილად ამ ჭრილობის განახლეება “,– განაცხადა დავით დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები