მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.
როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკაში. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.
„343 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდება ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს. საინჟინრო თვალსაზრისით უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები