შალვა ხუციშვილი: ის მუნიციპალიტეტები, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკია, სრულად იქნება ტექნიკით უზრუნველყოფილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას, ახალი ტექნიკისა და მაშველების დამატებითი აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახანძრო დანაყოფების საჭიროებები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკია, სრულად იქნება ტექნიკით დაკმაყოფილებული.
„დღეს მთავრობამ მოიწონა ჩვენი წინადადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდება ტენდერი 20 მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად. ეს პიკაპები განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის. გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამ შესყიდვით, ჩვენ წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას, გაგრძელდება შესყიდვები. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ევროპულ სახანძრო მწარმოებელ კომპანიასთან და მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოს სახანძრო დეპოებში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ასევე, ვგეგმავთ დამატებითი აღჭურვილობის შეძენას. ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ ხანძრების შემთხვევაში. განსაკუთრებით, საუბარია ტყის ხანძრებზე.
წელს საქართველომ შეისყიდა დაახლოებით 13 მილიონის ტექნიკა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ტექნიკა მთლიანად ტყის ხანძრებთან საბრძოლველად არის განკუთვნილი და იმ გამოწვევებმა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა, გვაჩვენა, რომ აბსოლუტურად სწორად მოხდა ამ ტექნიკის შეძენა. ყველა ეს შესყიდვა და გაზრდილი ტაქტიკური შესაძლებლობები ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება. ეს ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სახანძრო დანაყოფების საჭიროებები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არის ტყის ხანძრების მაღალი რისკი, სრულად იქნება ტექნიკით დაკმაყოფილებული. შესაბამისად, გაიზრდება ეფექტურობა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები