მამუკა ბახტაძე: საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდა, ის სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს
“არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენ გაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მომავალ კვირას შედგება პირველი პროექტის პრეზენტაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით დასრულდა, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს.
„ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე. დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომელიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამდროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.