არჩილ თალაკვაძე: ვერ შევთანხმდებით ამ დასკვნაზე იმიტომ, რომ ეს რეკომენდაცია პირდაპირ პოლიტიკურ სახეს ატარებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი, საქმის გამომძიებლის – ირაკლი ფიფიას სატელეფონო ამონაწერი წარადგინა. მისი განცხადებით, ამ ამონაწერში კარგად ჩანს, თუ რა ინტენსივობით უკავშირდებოდა გამომძიებელი საქმის ფიგურანტებსა და მათ ოჯახებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, რეკომენდაციები ტენდენციურია და პოლიტიკურ სახეს ატარებს.
„აქ არის ბატონი ირაკლი ფიფიას გვარი, ასევე, ამ ადამიანთან დაკავშირებით, ითხოვთ გამოძიების დაწყებას. აი, შემოსულია აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი, ეს არის ბატონი ირაკლი ფიფიას სატელეფონო საუბრების ამონაწერი. მე შეგახსენებთ, თქვენ მას ედავებოდით ჯერ კიდევ კომისიაზე, რომ ის უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მ.კ.-ს ოჯახის წევრებს და ამის საფუძველზე, თითქოს დასაბუთებული ეჭვი გქონდათ, რომ ის გარკვეულ წინასწარ შეთანხმებას ახდენდა მ.კ.-ს ოჯახთან იმ მიზნით, რომ გამოძიების მიმდინარეობაზე ზემოქმედება მოეხდინა. გახსოვთ, მაშინ მინისტრი დაგპირდათ და აი, შემოსულია კომისიაში ოფიციალური განცხადება, სადაც ბატონი ფიფიას სატელეფონო ამონაწერებში ჩანს, რომ მას უფრო მეტი თუ არა, არანაკლები სატელეფონო კონტაქტები ჰქონდა ამ საქმეში ფიგურანტ სხვა ოჯახებთან და მათ მშობლებთანაც. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მეექვსე რეკომენდაციაში ჩაწერეთ ირაკლი ფიფიას გვარი და ამ ადამიანის წინააღმდეგ ითხოვთ გამოძიების დაწყებას. მე აღარ გავყვები დანარჩენ მაგალითებს, მაგრამ ეს ორი მაგალითი აჩვენებს თუ როგორი ტენდენციური არის მეექვსე რეკომენდაცია, ეს არის ტენდენციური რეკომენდაცია. და მე ვფიქრობ, მეგობრებო, რომ მე-6 რეკომენდაცია არის ერთ-ერთი ის რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ თუ არ შევთანხმდით, რომ აქ ახალ უსამართლობას ხომ არ ვაკეთებთ, ძველი უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედების დევიზით?! – ვერ შევთანხმდებით ამ დასკვნაზე იმიტომ, რომ ეს რეკომენდაცია პირდაპირ პოლიტიკურ სახეს ატარებს და ეს არის პრაქტიკულად, ერთი ხელის მოსმით, მთელი საგამოძიებო ორგანოების, ხელმძღვანელი პირების და ძირითადი წარმმართველი პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა.
ისე, აი ასეთი დაუსაბუთებელი… დაუსაბუთებლად არის აქ ადამიანის გვარები მოხვედრილი. მათ შორის, სხვებიც შემიძლია გითხრათ, ის ადამიანებიც არის აქ მოხვედრილი, რომლებმაც პირიქით, ხელი შეუწყვეს გამოძიებას, ისეთიც არის მოხვედრილი, რომლებმაც გითხრათ, რომ მას უშუალოდ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული დაგეგმვაში. ანუ ეს რეკომენდაცია პირდაპირ არის პოლიტიკური რეკომენდაცია და პოლიტიკური მითითების მიცემა თქვენი მხრიდან საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ შეთანხმებას თუ ვერ შევძლებთ ამ სახით, ჩვენი აზრით, ვერ აისახება იმ დასკვნაში რომელსაც პლენარული სხდომა უყრის კენჭს, იმიტომ, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური და ტენდენციური რეკომენდაცია. აგერ არის კონკრეტული ფაქტები, მოგიყვანეთ და მე ვფიქრობ, თქვენც უნდა გაგემახვილებინათ ამაზე ყურადღება. მით უმეტეს, როდესაც მინისტრი აქ ბრძანდებოდა, ერთ-ერთი პრეტენზია, რაც თქვენ გქონდათ, იყო სწორედ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები