თამარ ჩუგოშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტარო კონოს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტარო კონოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე.
„პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს ჩვენს ქვეყნას, რაც თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, იაპონია საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
„იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენი ქვეყნისთვის. სულ უფრო იზრდება ის სფეროები, რაშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ. სულ ახლახან, იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს საქართველოში ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასეულობით მილიონი ევროა მათი მხრიდან გამოყოფილი, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, გეგმავენ, რომ განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები და დაიწყონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთებით გარემოსდაცვით სფეროში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იაპონია მსოფლიოში ლიდერია ტექნოლოგიების კუთხით, მათ შორის, გარემოსდაცვით კუთხით არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში და მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან დაგვეხმარება”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„იაპონიას აქვს ინტერესი, რომ კავკასიაში იყოს სტაბილურობა, იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის განვითარება, საქართველომ უფრო მეტად შეასრულოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებლის როლი. იაპონელები აპირებენ ამაში სულ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდგომ, კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური კუთხით გაძლიერების მიმართულებით, ასევე, სულ უფრო მეტი იაპონური კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების ჩადებით”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
თამარ ჩუგოშვილისა და ტარო კონოს შეხვედრას ქართული მხრიდან, ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირმა ინაშვილი, სოფიო ქაცარავა და ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები