არჩილ თალაკვაძე: მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდული ვინმეს მითითებით დაინგრა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაინტერესდა, „ევროპულისაქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ ჩაიწერა, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდული არ იყო დანგრეული ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მითითებით, რომელიც კომისიამ მტკიცებულებების შესწავლით აღმოაჩინა.
თალაკვაძემ “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა.
„ფარდულთან დაკავშირებით, ამხელა ინტერესი იყო, გაკეთდა არაერთი განცხადება, თქვენ მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ ჩაწერეთ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მიგნება, როდესაც მტკიცებულებების შესწავლით აღმოაჩინეთ, რომ ფარდული არ იყო დანგრეული პოლიციის ან ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მითითებით. ვფიქრობ, მოგიწევთ საზოგადოებას აუხსნათ, რატომ არ მოითხოვეთ ფარდულის რეკონსტრუქცია, როდესაც ფარდულთან დაკავშირებით იყო ასეთი ეჭვები, თითქოს ის განგებ იყო დანგრეული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ოთარ კახიძეს მიმართა კითხვით – არსებობს თუ არა საქმეში ამომწურავი ფოტომასალა, სადაც ჩანს ფარდულის ის დონე, სადამდეც დემონტაჟი განხორციელდა.

„ფარდულზე და საგამოძიებო ექსპერიმენტებზე როდესაც საუბრობდით, თუ შეიძლება, დამიდასტურეთ ან უარყავით, არსებობს თუ არა საქმეში ამომწურავი ფოტომასალა, სადაც ჩანს ფარდულის ის დონე, სადამდეც დემონტაჟი განხორციელდა, რადგან ყველამ ვიცით, რომ დემონტაჟი დაწყებული იყო და შემდეგ შეჩერდა. შესაბამისად, თქვენ რომ რეკონსტრუქცია მოგეთხოვათ, მისი აღდგენა თავისუფლად იყო შესაძლებელი. ამიტომ, როდესაც მსჯელობთ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებს ხელი შეუშალაო, მაშინ გაუგებარია, რატომ არ დაწერეთ ეს დასკვნაში და რატომ არ მოითხოვეთ მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია. ეს კითხვა მიჩნდება მე პირადად და ალბათ, საზოგადოებასაც. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ამოვწუროთ ფარდულის საკითხი. საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც კომისიის ფარგლებში დავადგინეთ “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ არჩილ თალაკვაძეს ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.
„საგამოძიებო კომისია არ მიუთითებს ისეთ გარემოებას, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. სწორედ ამიტომ არ მოხდა ჩვენს ანგარიშში მტკიცებით ფორმატში იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ფარდულის დანგრევის მითითება მისცა, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ ფარდულის დემონტაჟი, საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებამდე, იყო ნორმალური მოვლენა, რომ ის არ დაიცვა და არ დალუქა გამოძიებამ, ამასთან დაკავშირებით, თავად მაყურებელმა გააკეთოს დასკვნა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები