მიხეილ კუკავა: „საქსტატის“ მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯანმრთელია”
„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლებს ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ.
PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავას განცახდებით, თვიურ ჭრილში ეკ. ზრდა ითვლება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მიხედვით, რაც არასრული წყაროა. კვარტალურ და წლიურ ჭრილში კი ითვლება გამოშვების მიხედვით, ანუ ბრუნვას ემატება კაპიტალიზებული საქონელი და მომსახურება, მარაგების ცვლილება და ა.შ.
„ამდენად შვიდი თვის მდგომარეობით 5.5 % -იანი ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვიურ ჭრილში 4.6%-იანი ზრდა. წლის ბოლოს შესაძლოა განსხვავებული სურათი გვქონდეს, თუმცა, ტენდენცია ჯერჯერობით კარგია. რაც შეეხება სექტორებს, ზრდის ტენდენცია კვარტლიდან კვარტლამდე მეორდება. ეს ეხება ტრანსპორტს, ვაჭრობას, სასტუმროებსა და რესტორნებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. სამწუხაროდ, უძრავი ქონება რჩება დაზოგვის ძირითად საშუალებად, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებს სხვა არჩევანი არა აქვთ და ფულს უძრავ ქონებაში აბანდებენ. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ამ სექტორს ძალიან მყარი პოზიციები აქვს, მის მიმართ ნდობა მაღალია. აშკარად ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად ყოველთვის საფინანსო საქმიანობის ზრდაა“- აცხადებს მიხეილ კუკავა.
მისი თქმით, ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-მდე აწია და სააგენტო Fitch-მა პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები.
„ ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ 5.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა. ზრდის პროგნოზი 5.5.%-მდე ეროვნულმა ბანკმა სსფ-ზე რამდენიმე კვირით ადრე ივარაუდა. ბოლო დღეებში გამოქვეყნებული მონაცემები ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა არის მაღალი და ქვეყნის ეკონომიკა ჯანმრთელია “-აცახდებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის ახალი მაჩვენებელი გამოქვეყნა. ამ მონაცემებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.3 პროცენტს, მეორე კვარტლის საშუალო ზრდა 6.0 პროცენტს, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.