ზვიად ძიძიგური: ყველა მთავარი პროკურორი ერიდებოდა ასეთი ტიპის რეფორმების ჩატარებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიესალმება მთავარ პროკურატურაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესს და მიიჩნევს, რომ მის შედეგებს საქართველოს მოქალაქეები უახლოეს პერიოდში იგრძნობენ. ძიძიგურის შეფასებით, რეორგანიზაციის შემდეგ პროკურატურის სამქიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება: „პროკურატურაში რეორგანიზაცია არ ჩატარებულა პირობითად რომ ვთქვათ, დაახლოებით 10 წელია, ეს არის ძალიან რთული სტრუქტურა და, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების პირობებში, ყველა მთავარი პროკურორი ერიდებოდა ასეთი ტიპის რეფორმების ჩატარებას, თუმცა ბატონი შალვა თადუმაძე სწორედ ასეთი ტიპის პროგრამით წარსდგა პარლამენტში დამტკიცებისას ჩვენს წინაშე და მივესალმები, რომ ბატონ შალვას გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა და რეორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება პროკურატურას, რათა მისი საქმიანობა იყოს გაცილებით უფრო ეფექტური, ოპერატიული რაც მთავარია და ამავე დროს ფინანსურადაც იქნება უფრო მობილური სტრუქტურა, ვიდრე დღევანდელ დღეს გახლავთ საქართველოს პროკურატურა. ამიტომ, მინდა, წარმატებები ვუსურვოთ ბატონ შალვას და ვფიქრობ, რომ პროკურატურაში ჩატარებული რეორგანიზაციის სიკეთეებს საქართველოს მოქალაქეები იგრძნობენ უახლოეს პერიოდში“,-განუცხადა „პირველს“ ზვიად ძიძიგურმა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.