საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
4-5 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტარო კონო ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე გაფორმდება. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით, გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი), ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას წარმოადგენს.