ბექა ოდიშარია: უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიას განცხადებით, უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.
“უცხოელი მოქალაქეებისათვის, ამა თუ იმ ქვეყანაში კერძო საკუთრებისა თუ ბიზნესის წარმოების სანაცვლოდ დროებითი ბინადრობის უფლების მინიჭება აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის მაგალითად ბალტიისპირეთში, ბინადრობის მიღებისათვის შეძენილი ქონების ღირებულება, თუ ინვესტიციის ოდენობა მრავალჯერ აღემატება ჩვენს ქვეყანაში ამჟამად დადგენილ ოდენობას. პარლამენტის წევრობამდე და ახლაც უკვე მრავალი წელია მე ვასრულებ ლატვიის საპატიო კონსულის მოვალეობას და ამიტომ კარგად ვიცი ჩვენი ქვეყნის ტიპის, პატარა ევროპული, სახელმწიფოების მიდგომებს, რომელნიც უზრუნველყოფენ გარკვეული ფილტრაციისა და პრევენციის მექანიზმებს. დღეს რეალობა ასეთია, უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს მიმზიდველობა უცხოელთა თვალში არითმეტიკული პროგრესიით იზრდება და ამიტომ კალაძის მიერ დღეს გაჟღერებული აქცენტები სრულიად შესატყვისი და დროულია. მივესალმები, რომ ამ ინიციატივას პარლამენტში, თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ, სწორედ ის დეპუტატები დააინიცირებენ, ვგულისხმობ ილია წულაიასა და გოჩა ენუქიძეს, რომელთაც კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს უცხოური ინვესტიცია და გამჭირვალე ბიზნეს საქმიანობა ქვეყანაში, განსხვავებით ისეთი ეკონომიკური აქტივობისაგან, რომელიც ერთჯერადად მიზერული თანხის საფასურად საქართველოში მავანთა მხრიდან, პრაქტიკულად თავშესაფრის გაჩენას წარმოადგენს”, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს.