გირგვლიანის საქმეზე სასამართლო პროცესი ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლო პროცესი 28 მაისისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი პროცესზე ბრალდებულების ადვოკატების დიდი ნაწილის გამოუცხადებლობა გახდა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის მიზეზის შეუტყობინებლობის გამო, დათა ახალაიას ადვოკატები, რომეო საჯაია და გია გოროზია 100-100 ლარით დაჯარიმდნენ.
ამასთან, მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს მისცა გაფრთხილება, რომ თუკი მომდევნო სასამართლო სხდომაზეც მოხდება მსგავსი პრეცენტენტი, ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ. პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარე ცდილობს პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას, რათა შემდგომ საქმის არსებითი განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ საპატიმრო ვადები იწურება.
დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ დათა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სასამართლოს შეტყობინება გაუგზავნა გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით. მოსამართლის ინფორმაციით, ზაქარეიშვილი საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა, ოლეგ მელნიკოვმა და ვალერიან მეტრეველმა შეტყობინება გაუგზავნეს და აცნობეს, რომ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები