ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის ოფისში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციამ საეჭვო ნივთის აღმოჩენის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რის შემდეგაც შსს-მ ნივთი ამოიღო, დალუქა და ექსპერტიზას გადასცა.
მისივე თქმით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და დადგინდება, თუ რა არის და რა მიზნით იყო განთავსებული მის ოფისში. კაკაბაძე შსს-ს ვაკის სამმართველოში უკვე დაჰკითხეს.
„როგორც კი საეჭვო ნივთი ვიპოვეთ, გამოვიძახეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათაც ჩათვალეს, რომ ნივთი საეჭვო იყო. სხვაგვარად სამუშაოებს არ ჩაატარებდნენ. ნივთი მოხსნეს, დალუქეს და გადაცემულია ექსპერტიზაზე. გამოძიება მიმდინარეობს და ველოდებით პასუხს. არის თუ არა მოსასმენი აპარატურა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენი აზრით, ეს არის ისეთი რაღაც, რაც არც ელექტრობას ეხება და არც სატელეფონო სადენია“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე წინა ხელისუფლების მიერ მასზე და მის ორგანიზაციაზე ფარული მოსმენებით დაინტერესებაზე საუბრობს. კაკაბაძე „კვირასთან“ უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მიერ უკანონო ბრძანების შესახებ გაკეთბულ განცხადებას იხსენებს.
„წინა ხელისუფლებას არაერთხელ გამოუვლენია ჩვენდამი ფარული მოსმენის ინტერესი. ხაბურძანიამ პირდაპირ გააკეთა განცხადება. როდესაც ჟურნალისიტმა მას ჰკითხა, გასცემდა თუ არა უკანონო ბრძანებას, მან უპასუხა, რომ გაიხსენებდა პირველ უკანონო ბრძანებას, რომ უსმინეთ კაკაბაძეს. არც ერთი ხელისუფლება არ იყო მწყრალად ჩვენს მიმართ მოსმენებზე“, – განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები