„გერმანიის კანცლერის საოკუპაციო ხაზთან მისვლა, დადასტურებაა, რომ კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ორგანიზებით, ევროკავშირის ყველა ლიდერი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, მიდის საოკუპაციო ხაზზე. ეს არის ის ფორმატი, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია ევროკავშირის მისიას შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან მივა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც არის დღეს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება, გერმანიის კანცლერი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნისა, მოდის საქართველოში. დროის ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი უპირველესად, საქართველოს მხარდაჭერის, ასევე ის, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, -განაცხადა ზალკალიანმა.