პრემიერი: ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
ბახტაძის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ანგელა მერკელს თბილისში ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც ჩამოჰყვებიან.
„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.
ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს.