ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა

ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ეს სტატუსი მათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (N02/49) მიიღეს.
ელემენტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყო საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაცია.
„ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებას“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში უკვე 41 კულტურული მემკვიდრეობის ელემენტია აღნუსხული. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეგულარულად მუშაობს სხვა, ასევე მეტად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული ელემენტების აღნუსხვის საკითხზე. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივ ჯგუფებთან, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არაერთ ელემენტს მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები