თუშეთში, ნასოფლარ დაქიურთას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ დაქიურთას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. სტატუსი მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის  10 ივლისის ბრძანებით მიიღეს.
დაქიურათას ნასოფლარი მდებარეობს ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრზე, სოფელ გირევიდან 500 მეტრში.
სოფელი დაცარიელდა 1917 წლის შემდეგ. ამ დრომდე აქ 14-15 კომლი ცხოვრობდა, შემდეგი გვრებისა: მოზაიძე, ხელიძე, ხუტიძე. მათგან ზოგი ბარში დასახლდა (თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში), ზოგიც, ახლომდებარე სოფელ გირევში.
ნასოფლარის ძეგლებია: საცხოვრებელი სახლი, ციხე-სახლი, მიქელ-გაბრიელის ხატი.
საცხოვრებელი სახლი – დგას ნასოფლარის განაპირას. იგი ორსართულიანია, დანგრეულია, შემორჩენილია 4 მ. სიმაღლეზე. ნაგებია ფიქალი ქვით, წყობა მშრალია. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. მეორე სართულის კედლები შელესილია ნაკელნარევი მიწით. I სართული საქონლის სადგომი იყო, სამრეთ-აღმოსავლეთიდან ჰქონდა ერთი შესასვლელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კი, დიდი სწორკუთხა ღიობი.
ციხე-სახლი – დგას ნასოფლარის შუაში. ეკუთვნოდათ ხელიძეებს. ნაგებია ფიქალით. წყობა მშრალია. II, III და IV სართულები მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. შენობა დაზიანებულია, ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა.
ციხე-სახლი ხუთსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა. ყველა სართულს დამოუკიდებელი შეისრულთაღოვანი შესასვლელი აქვს.
აღმოსავლეთიდან ციხე-სახლს ეკვრის ტერასა, რომლის აღმოსავლეთ კედელში  ჩასმულია ცხენის მისაბმელი ფიქალის შვერილები. II სართულზე სამხრეთიდან მიდგმულია სწოკუთხა ნაგებობა, რომელშიც ქვის კიბით ადიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები