გიორგი გახარია: სამეგრელო-ზემო სვანეთი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ვალდებული ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები

„სამეგრელო-ზემო სვანეთი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ვალდებული ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები“ – ამის შესახებ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი გუბერნატორის შერჩევის პროცესში ეს საკითხი იყო ძირითადი და ამის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნაზე.
„ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობაში იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელოს და ზემო სვანეთის მომავალი არის ახალგაზრდები და შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, ამ ქვეყნის საქართველოს წარმატება გაიზომება მთლიანად, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმე კუთხის და განსაკუთრებით ქალაქის წარმატებული განვითარებით – ეს არის თბილისი, ბათუმი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს და იქნება აუცილებლად ზუგდიდი“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში მიიღოს მონაწილეობა.
„იმასთან ერთად, რომ ერთმნიშვნელოვნად მადლობა გადავუხადოთ ხალხს, რომელმაც წლების განმავლობაში იზრუნა და იშრომა ამ კუთხის განვითარებაზე, უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ორჯერ უფრო მეტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ სამეგრელოს რეგიონს მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
„გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მოქცეული სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე. არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ „საზღვრით“, რომელიც გვერდზე არის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებული ვართ, აი ასე, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები