დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოატრიალეს, რომ თითქოს, უარს ვაცხადებთ კონსულტაციებში ჩართვაზე

როგორც კი პრეზიდენტმა განაცხადა კონსულტაციების დაწყების შესახებ, ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მზადყოფნა და ლოგიკურადაც მივიჩნიეთ, საბჭოს წევრებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ განაცხადა.მისი თქმით, თუმცა მოხდა ისე, რომ კონსულტაციების დრო საშვებულებო პერიოდს დაემთხვა.
გვირტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საბჭოს ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია 13-14 აგვისტოს შედგა და მოთხოვნა იყო, საბჭოს წევრები დაახლოებით ორ დღეში შეკრებილიყვნენ, რაც მისი თქმით, შეუძლებელი იყო.
„შესაბამისად იყო თხოვნა იუსტიციის საბჭოს მდივნისგან, რომ იქნებ საბჭოსთან კონსულტაციები გადატანილი ყოფილიყო აგვისტოს ბოლოსკენ, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მთელი ორგანოს თუ არა, უმრავლესობის შეკრება მაინც. როგორც გამოჩნდა, სამწუხაროდ, აღნიშნული თხოვნა არ არის გათვალისწინებული და პირიქით, ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოატრიალეს, რომ თითქოს, უარს ვაცხადებთ კონსულტაციებში ჩართვაზე“, – განაცხადა გვრიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, რადგან ვერ ხერხდება საბჭოს წევრების ასეთ მოკლე პერიოდში შეკრება.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია აბსოლუტურად ალოგიკური და აუხსნელია, მით უმეტეს, მდივანმა განუმარტა და სთხოვა კიდეც. ეს ფაქტი უკვე მიმანიშნებელია, რომ რეალურად არ არის სურვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, კონსულტაციებში საბჭო ჩაერთოს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისი თქმით, შეუძლებელი იქნებოდა 15-ვე წევრის შეკრება, ამიტომ მიქაუტაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვადის გადაწევა სთხოვა.
„ვფიქრობ, საბჭოს მდივანმა ივარაუდა, რომ საბჭოს 15-ვე წევრი ვერ შეძლებდა შეკრებას. ამიტომაც საკმარისად ჩათვალა განმარტება და თხოვნა და მიიჩნია, რომ შესაძლებელი იქნებოდა კონსულტაციების ვადის გადაწევა აგვისტოს ბოლოსკენ. სწორედ ამიტომ არ განახორციელა ყველა წევრის ინფორმირება. მეც არ ვიცოდი, რომ 13-14 რიცხვში კომუნიკაცია შედგა. თუმცა ეს არ არის პრეტენზიის გამოთქმის საფუძველი არც ერთი წევრის მხრიდან“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები