ნინო ლომჯარია 16 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობას განცხადებით ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას ეხმიანება, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
„სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას, არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით, მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის. სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას“,- აცხადებენ სახალხო დამცველი აპარატში.
ნინო ლომჯარია თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. ლომჯარიას თქმით, პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.
„განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზე დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის, სუიციდის შემთხვევების გაშუქება, ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას, ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას:
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია, დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ, მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24-საათიან რეჟიმში;
საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების – ბულინგის, კიბერბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
• გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოჰყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ“,- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები