გია ვოლსკი სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება

0

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, პოზიციას არასოდეს შევიცვლით“.
გია ვოლსკი გამარტავს, რომ ამ ეტაპზე, მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ.
„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი განმარტებით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოლაპარაკების გარეშე, არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა, მაგრამ ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.
„ვფიქრობ, საბოლოოდ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. შამბა ვერ იტყვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. არც დე ფაქტო ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია არ ისაუბრებენ ასეთი ენით და ტერმინებით, მაგრამ ფაქტია, რომ განწყობა, ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენს სტრატეგიაში იკვეთება. დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ, მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა. მტრები არ ვართ და გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი, თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი