თუშეთში, ნასოფლარ ჭონთიოს, ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჭონთიოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 10 ივლისის ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ჭონთიოს ნასოფლარი მდებარეობს ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ გირევიდან 1.5 კ-ზე, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალ მთაზე.
სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა და, ძირითადად, შემდეგი გვარებისგან შედგებოდა: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობ კახეთში ჩამოვიდა. სოფელს ორი დღეობა ჰქონდა: „მადოლობა”, რომელსაც მკათათვის (კათათვის) დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე – „თურსიეხობა“, აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართემოდა.
ნასოფლარის ძეგლებია: კოშკი – „დათოსციხე“, ციხე-სახლი – „დახურული ციხე“, წვერიანი ციხე, ჭალის ორი ციხე (ქვახიდისწყლის ნაპირას), თურსიეხი (ხატი), „მადოლობა“ (სალოცავი)
კოშკი (დათოს-ციხე).დგას ნასოფლარის პირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ციხე-სახლი მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია XVIII ს-ში. შენობა (6,9 Х 6,8 მ) ხუთსართულიანია; აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის II და III სართულების კედლები შიგნით მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სალის V სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.