შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას ავტომრბოლელები შეურთდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება და მას ავტომრბოლელებიც შეუერთდებიან. 16 მაისს, 12:00 საათზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი, შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის სპორტსმენები: დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი, ირაკლი ჩხეიძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე სხვა ქართველი მრბოლელები თბილისის ღია უნივერსტეტის სტუდენტებს რუსთავის ავტოდრომზე შეხვდებიან.
შეხვედრაზე სპორტსმენები ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანზე ისაუბრებენ. ისინი სტუდენტებს განუმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენცია, ხოლო სლოგანია – „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. ისინი ასევე აცნობებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“. კანონის მიხედვით, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, ხოლო ყველა ზემოჩამოთვლილი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.
შეხვედრის ბოლოს ავტომრბოლელები ერთად მოუწოდებენ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე. ისინი სტუდენტებისთვის საჩვენებელ რბოლას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები