“ჩვენ უნდა გვქონდეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, ორპალატიანი პარლამენტი, წარმომადგენლობის რეგიონალური დონე – ამ პირობებში, შეიძლება, პრეზიდენტი არ ავირჩიოთ პირდაპირ”

„ჩვენ უნდა გვქონდეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, ორპალატიანი პარლამენტი, წარმომადგენლობის რეგიონალური დონე – ამ პირობებში, შეიძლება, პრეზიდენტი არ ავირჩიოთ პირდაპირ“, – მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
მისივე თქმით, ვინაიდან ეს ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევდა საკონსტიტუციო კომისიის წევრებში, ამ პირობებში, მისი და კომისიის წევრთა ნაწილის წინადადება იყო, პრეზიდენტის არჩევანი დაეტოვებინათ. საუბარი იყო მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შენარჩუნებაზე, რაც ჰქონდა და საგარეო პოლიტიკაში უფრო მყარად უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის. მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობა გაიმართა.
„მაშინაც და დღესაც, მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით – არ გვაქვს ტერიტორიული მოწყობა, როდესაც პარლამენტი ერთპალატიანია და თვითმმართველობაც სუსტია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იყო ის მნიშვნელოვანი გადახვევა, იყო ის მისაღები კომპრომისი, რაც კლასიკური საპარლამენტო მოწყობის საწინააღმდეგოდ უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. რაც შეეხება არჩევანს, მე არ მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭარბი ილუზიის გამო გაეკეთებინა არჩევანი უმრავლესობას. აქ მიზეზები სხვა კონტექსტშიც უნდა ვეძიოთ და ამ მიმართულებითაც უნდა ვიფიქროთ. ვისურვებდი, რომ მოხდეს ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა, რეგიონული დონის განსაზღვრა და ორპალატიანი პარლამენტი იყოს, მაგრამ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ პრეზიდენტი უნდა დავტოვოთ. მას სულ ცოტა, თავის კომპეტენციები სრულად უნდა შენარჩუნებოდა, მახინჯი უფლებამოსილება უნდა ჩამორთმეოდა, მაგრამ მისი კომპეტენციები, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა და ა.შ უნდა შენარჩუნებულიყო და მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დავები, პრეზიდენტის სასარგებლოდ უნდა დარეგულირებულიყო. ეს იქნებოდა უკეთესი ვერსია, ვიდრე დღეს გვაქვს”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები