ვახტანგ ხმალაძე: ის უფლებამოსილება, რაც პრეზიდენტს აქვს, არ არის შესაბამისობაში მისი მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი გზით არჩევასთან

0

„ის უფლებამოსილება რაც პრეზიდენტს აქვს, არ არის შესაბამისობაში მისი მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი გზით არჩევასთან. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ: საპარლამენტო რესპუბლიკებში ლოგიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები მის სტატუსთან“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პრეზიდენტს არ აქვს არც საკანონმდებლო უფლებამოსილება, ერთადერთი რაც აქვს ამ სფეროში, არის შეყოვნებითი ვეტოს უფლება, რომელიც ერთპარტიული უმრავლესობის დროს მარტივად დაიძლევა, მრავალპარტიული, კოალიციური უმრავლესობის დროს კი არც ისე მარტივად. რაც მთავარია, მას არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ხელისუფლება, ამის გამო, პირდაპირი არჩევნების დროს, გაუგებარია, რა შეიძლება პრეზიდენტმა საზოგადოებას შესთავაზოს, მაგალითად, თავისი პროგრამა. როგორც ხმალაძე აცხადებს, პრეზიდენტი ვერც საკანონმდებლო ცვლილებებს და ვერც აღმასრულებელ სფეროში ვერაფერს შესთავაზებს, რადგან ამ საკითხს წყვეტენ სხვები – პარლამენტი და მთავრობა. ამიტომ, პირდაპირი არჩევნები, ამ შეთხვევაში, ამომრჩევლისთვის, მოსახლეობისთვის პირდაპირ მიმართვა აზრს კარგავს, რადგან მათ (ამომრჩევლებს) აქვთ გარკვეული მოთხოვნები, პრობლემები, რასაც პრეზიდენტი ვერ გადაჭრის.
„პრეზიდენტის ფუნქცია სრულიად განსხვავებულია საპარლამენტო რესპუბლიკაში, ის არის ე.წ „სათადარიგო ხელისუფლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში, მაშინ პრეზიდენტს აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ შეეცადოს ამ კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებას და ხელი შეუწყოს კრიზისიდან გამოსვლას. თვითონ, თავად ვერ გადაწყვეტს ამას, მაგრამ შეუძლია, ამას ხელი შეუწყოს. ეს არის პრეზიდენტის ავტორიტეტი საზოგადოებაში, მას შეუძლია გარკვეული წინადადებებით მიმართოს მოსახლეობას, როცა აკეთებს მოვლენების შეფასებას, როდესაც მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, სახელმწიფოს სახელით – უფრო ასეთი ფუნქციებია პრეზიდენტის და ამ დროს, უფრო მიზანშეწონილად ჩანს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები. ამით ლეგიტიმაციის ხარისხი არ ზარალდება. შეუძლია ვინმეს თქვას, რომ მთავრობის ლეგიტიმაციის ხარისხი არის დაბალი, იმიტომ რომ მთავრობას ქმნის პარლამენტი?! არა ლეგიტიმაციის ხარისხის გამო, არამედ ამ სპეციფიკის გამო, რაზეც უკვე ვისაუბრე, პირდაპირი არჩევნები ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციურ დატვირთვას“, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

კომენტარები

კომენტარი