რიგითი ჯარისკაცის ბრალდებები კობა კობალაძეს – რა ხდებოდა ფიჩხოვანის ბანაკში 2002 წელს
2002 წელს სამხედრო – სავალდებულო სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცი გიორგი ოღიაშვილი კახეთის სწავლების ბანაკში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ოღიაშვილი გვარდიის არტილერიის ნაწილში მსახურობდა, რომლის სარდალი კობა კობალაძე იყო. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ჯარისკაცი აცხადებს, ბანაკში ანტისანიტარია და სრული განუკითხაობა იყო. მისივე თქმით, ჯარისკაცებს ოფიცრები ტყვეებივით ექცეოდნენ. ოღიაშვილი აღნიშნული სწავლების სარდალს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და ურეაქციობაში ადანაშაულებს. როგორც ყოფილი რიგითი აცხდებს, კობალაძემ სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთა.
გიორგი ოღიაშვილი „კვირასთან“ საუბრისას იხსენებს, რომ 2002 წლის აგვისტოში საქართველოს სამხედრო ნაწილები პანკისთან ახლოს, სოფელ ფიჩხოვანში, არტილერიის ბანაკში სწავლებაზე გადაისროლეს. სადაც ჯარისკაცებისთვის საარსებო პირობები არ არსებობდა. ოღიაშვილი „კვირასთან“ ბანაკში მომხდარ მკვლელობასაც იხსენებს.
„ყოფითი პირობები აუტანელი იყო, გვექცეოდნენ, როგორც ტყვეებს. ამის საუკეთესო მაგალითია ერთი ჯარისკაცის მკვლელობა ბანაკში. 18 წლის ჯარისკაცმა საკვების მისაღებად რიგში დგომისას საპოვროდან აიღო ერთი ნაჭერი ხორცი, რის გამოც მზარეულმა მას დედა შეაგინა. ჯარისკაცმაც დაუბრუნა სიტყვა, მან კი 18 წლის ახალგაზრდას დანა შიგ გულში ჩაარტყა. ამ პერიოდში სწავლების სარდალი კობა კობალაძე იყო, მას უნდა გაეკონტროლებინა ბანაკში არსებული სიტუაცია, წესრიგი და თუნდაც ჯარისკაცებისთვის არსებული პირობები. მკვლელობის ამბავი ვერ დაიმალებოდა. სანამ კობალაძე და მთავარსარდლობა მოვიდოდა, სამხედრო ფორმები შეგვიცვალეს, იქამდე დახეული ფორმები და ჩუსტები, ან 1-2 ზომით დიდი ჩექმები გვეცვა.
მსგავსი ფაქტები ხდებოდეს შენს სამსახურში და ყურადღებას არ აქცევდე, გამოდის ან იცი და რეგირებას არ ახდენ, ან ხარ სუსტი ხელმძღვანელი და არაფერი არ იცი“, – აცხადებს ოღიაშვილი.
სოფელ ფიჩხოვანის ბანაკში მომხდარი მკვლელობის დეტალების გადასამოწმებლად „კვირას“ ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინცინდენტის შედეგად მზარეული სამხედრო პოლიციამ ადგილზე დააკავა. იგი გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაიმართა და მზარეულს პატიმრობა მიესაჯა.
2002 წლის სწავლებებზე ბანაკში მყოფი ჯარისკაცის გიორგი ოღიაშვილის თქმით, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას ოფიცრები ყიდნენ, ან ალკოჰოლურ სასმელებზე ცვლიდნენ. მისივე თქმით, ოფიცრები სოფლის მოსახლეობის კუთვნილ შინაურ ცხოველებს იარაღით კლავდნენ.
„ამერიკული საძილე ტომრების მაგივრად ძველ რუსულ დახეულ „სპალნიკებში“ გვეძინა. ბანაკში სრული ანტისანიტარია იყო, რასაც მოწმობს ტილის გაჩენა მთელს ბანაკში. ბანაკში ყოველთვის იყო პურის და საპნის დეფიციტი, რომლითაც მე, პირადად, მამარაგებდა ჩემი მეზობელი ბიჭი ლოგისტიკიდან.
ოფიცრები ყველაფერს ყიდდნენ, ან ცვლიდნენ ალკოჰოლზე, ჩვენთვის განკუთვნილ ამერიკულ „სპალნიკებსაც“ კი. ოფიცრები არც მოსახლეობას აყრიდნენ კარგ დღეს, იარაღით ხან ღორებს და ხან ქათმებს ხოცავდნენ. არ იყო ნორმალური კვება, ოფიცრები ხშირად ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მაგალითად, „სპალნიკს“ გადაცვლიდნენ ალკოჰოლში, სანაცვლოდ ყიდულობდნენ ღვინოს, არაყს. ბანაკშივე მიირთმევდნენ, როცა უნდოდათ გადიოდნენ, როცა უნდოდათ შემოდიოდნენ“, – აღნიშნავს ოღიაშვილი.
გენერალი კობა კობალაძე „კვირასთან“ საუბარში იხსენებს, რომ 2002 წელს ჯარს ეკონომიკურად უჭირდა, თუმცა ჯარისკაცის ნაამბობს აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, „კახეთი 2002“-ის სწავლება როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, უპრეცედენტოდ წარმატებულად ჩატარებულ სწავლებად შეაფასეს.
კობალაძის განმარტებით, ბანაკის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის მიღება არა მარტო აკრძალული იყო, არამედ ტერიტორიას და მთელ პირად შემადგენლობას სამხედრო კომენდატურა და სამხედრო პოლიცია აკონტროლებდა.
„ის, რომ ჯარს 2002 წელს ეკონომიკურად უჭირდა, ეს ახალი აღმოჩენა არ არის. მაშინ არა მარტო ჩვენებმა, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებმა „კახეთი 2002“-ის სწავლება შეაფასეს, როგორც უპრეცედენტოდ წარმატებულად ჩატარებული სწავლება. ეგ ჯარისკაცი არის მატყუარა და ტუტუცი. ალკოჰოლური სასმელის მიღება არავის არ შეეძლო, აღნიშნული ტერიტორია და მთლიანად პირადი შემადგენლობა კონტროლდებოდა. ძირითადად, ვიყავით ყაზარმულ ვითარებაზე. სამხედრო დისციპლინას სამხედრო კომენდანტურა და სამხედრო პოლიცია ახორციელებდა. იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე სადმე კუთხეში შეჩურთულიყო და იქ მიერთვა სასმელი, აბსურდული იყო“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
რაც შეეხება აღჭურვილობას, კობალაძის განმარტებით, საველე პირობებში გასულ ჯარისკაცს არანაირი დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა არ გააქვს, გარდა იმ აღჭურვილობისა, რაც საველე პირობებზე დასმული ამოცანის შესასრულებლად სჭირდება. ამასთან, მისივე თქმით, აღჭურვილობა ითვლება და მისი გასხვისება აკრძალულია. სწავლება ურთიერთქმედებაში იყო შსს-ს და უშიშროების სამინისტროებთან, მათ მიერ კი ყველაფერი კონტროლირებადი იყო.
„საველე პირობებში გასულ სამხედროს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა და ინვენტარი არანაირად არ გააქვს. გააქვს მხოლოდ ის, რაც მას ესაჭიროება საველე პირობებზე დასმული ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ითვლება და არანაირად არ შეიძლება მისი გასხვისება. ჩვენ ურთიერთქმედებაში ვმუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროებასთან და ეს ყველაფერი გაკონტროლებული, ხელის გულზე დადებული იყო“, – განმარტავს კობალაძე.
მისივე განცხადებით, სწავლებასა და მის მიმდინარეობაზე დოკუმენტაცია არსებობს და მეთაურობა მზად არის, კონკრეტული დოკუმენტაციით ისაუბრონ.
ნიცა ბუხნიკაშვილი